
ამ ბოლო დროს საქართველოში მოდური გახდა ფუნდამენტალიზმთან და ”ბნელებთან” ბრძოლა. თუკი ვინმე თავს ინტელექტუალად და პროგრესისტად თვლის ერთ ქვას მაინც ესვრის ”შუა საუკუნეებში ჩარჩენილებს” თუმცა თავს არ იწუხებს გაერკვეს სინამდვილეში კი რატომ არის ასეთი შეუმწყნარებელი.
ერთხელ ჩემს ერთ მეგობარს მოვუსმინე რადიოში, როგორ ამტკიცებდა ქსენოფობია საზოგადოებრივი ორგანიზმის იმუნური რეაქციაა უცხო სხეულების მიმართო. ცოტა უხეშად მოხვდა ყურს მისი ეს გამონათქვამი, თუმცა მეც იგივეს ვფიქრობდი და ვფიქრობ ეხლაც. ჩემთვის გასაგებია იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც მათთვის პოტენციურად საშიშ იდეებს ეწინააღმდეგებიან და ანადგურებენ ისევე, როგორც ჩვენ ვანადგურებთ მავნე ბაქტერიებს ინფექციის დროს. მაგრამ მათი შეცდომა სწორედ იმაშია, რომ ამ განადგურების დროს ისიც იკარგება, რაც საზოგადოებას განვითარების და სრულყოფის შანსს მისცემს.
მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პროგრესის და ლიბერალიზმის სახელით ზუსტად ისევე ექცევიან მათ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს და განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდებს. და ყოველივე ამასთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაუგეს თავის მოწინააღმდეგეს, უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ და ამრეზით შესცქერიან მათ, ვინც საკუთარი იდენტურობის გადარჩენის ერთადერთ ხერხად ტრადიციებს ხედავს.
შეიძლება პარანოიას გავს შეთქმულების თეორიებით გატაცება, მაგრამ რატომ არავინ ცდილობს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი რწმენა შეთქმულებების არარსებობაში? რატომ არავინ აღიარებს იმას, რომ დღეს ნაციონალური სახელმწიფოების არსებობა არაეფექტურია და ეროვნებას მხოლოდ კულტურული მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს? რატომ არავინ აღიარებს იმას, რომ ბრძოლის მთავარი სამიზნე ჩაკეტილი საზოგადოებებია?
და ყოველივე ამის შემდეგ ნუთუ ადამიანს არ აქვს უფლება საკუთარი თავი საკუთარი ხელებით და მისთვის მოსახერხებელი მეთოდებით დაიცვას?
ჩემი აზრით უპრიანი იქნებოდა სულგრძელი და გახსნილი საზოგადოება შეშინებულ თვითგადარჩენაზე ორიენტირებულ ფუნდამენტალისტებს თავდაცვის ახალ ეფექტურ და სხვებისთვის ნაკლებად მავნე ხერხებს ასწავლიდეს. არ მოქმედებდეს შუასაუკუნეების დროინდელი ფსიქიატრიის მეთოდებით და იმის მაგივრად რომ ადამიანს მასში არსებული სხვებისაგან განსხვავებული უნარების სრულყოფაში შეუწყოს ხელი, რეპრესიული გზებით ყოველგვარი უცხო იდეების ამოშანთვას არ ცდილობდეს.
ნუთუ ასე ძნელია დაარწმუნო ადამიანი იმაში, რომ ის არ არის უძლური გლობალიზაციის ტალღის წინაშე და მას ძალუძს შეინარჩუნოს თვითმყოფადობა ისე, რომ არ გაანადგუროს ის რაც მას არ ესმის?
მაგრამ ის რასაც მე ვხედავ უბრალოდ ორი მტაცებლის შეტაკებას გავს ნადავლის გასაყოფად და არა ჰარმონიისკენ მსწრაფ მოსიყვარულე არსებების ღვთაებრივ თამაშს.





