
ორიოდე დღის წინ კიდევ ორი ადამიანი დავავირუსე ”მდაბიო ხელოვნების” ინტერესით. გუშინ კი შეხვედრაზე მოვისმინე ირონიული ნოტები სერიალების მიმართ. საინტერესოა ის ადამიანები, რომლებიც ქედმაღლურად მოიხსენიებენ სერიალს როგორც გამოხატვის ფორმას, თუ აანალიზებენ ამ ფენომენის წარმოქმნას, მისი განვითარების დინამიკას და რა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს ამ ფორმის დამკვიდრება თანამედროვე ხელოვნებაში.
ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები ამ ფენომენს და გარკვეული ხედვა ჩამომიყალიბდა იმ მოვლენის, რაც ხალხში სერიალების სახელითაა ცნობილი. ერთი კითხვაა, თუ რატომ უყურებს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სერიალებს, მეორე - თუ რატომ იქმნება სულ უფრო და უფრო მეტი უფრო კარგი ხარისხის სერიალები, და მესამე - თუ რატომაა ასეთი ირონიული დამოკიდებულება მიუხედავად ყველაფრისა ამ მოვლენის მიმართ? რატომ თვლიან სერიალს ის ადამიანები ”მდაბიო ხელოვნებად”, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაეგებათ კინოში და ზოგადად ხელოვნებაშიც? მიუხედავად იმისა, რომ ”ელიტარულმა” კინორეჟისორებმაც კი მიმართეს ამ ფორმას? რომ არაფერი ვთქვათ Twin Peaks-ზე, The Kingdom-ზე და Wild Palms-ზე, ნუთუ ეს ადამიანები გაცილებით მეტს ხედავენ იმ ფილმებში, რომლებსაც უყურებენ, ვიდრე მაგალითად ისეთ სუპერპოპულარულ სერიალში როგორიცაა Lost? რაღაც მეეჭვება...
რაც შეეხება კითხვებზე პასუხებს... ჩემი თვალთახედვიდან სერიალი ყველაზე ბუნებრივი ფორმაა შემოქმედისათვის. სინამდვილეში ყველა ადამიანი სერიალს ქმნის ცნობიერად თუ არაცნობიერად. უბრალოდ მას სხვადასხვა შეფუთვას აძლევს. ყველა ისტორია რომელსაც ერთი ავტორი გვიყვება ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან და რეალობაში მათი შინაგანი სამყაროდან რეპორტაჟს წარმოადგენს. ის კი, რომ ყოველი ისტორია ეს ცალკე სამყაროა, რომ ყოველ ისტორიას უნდა ქონდეს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და ფინალი, ტრადიციის და უძველესი მისტერიების გადმონაშთი უფროა, როდესაც ისტორია თავისებურად სასრული სამყაროს მცირე მოდელი იყო და გარკვეული წესრიგი შეჰქონდა რეალობაში. ამ დროს კი ხელოვანისთვის რომელიც გვთავაზობს მოგზაურობას მის მიერ შექმნილ ახალ საინტერესო უსასრულო სამყაროში, სამყაროში რომელიც არსებობს მანამ სანამ მის შესახებ ადამიანები ფიქრობენ, ოცნებობენ, ამატებენ ახალ დეტალებს თავის წარმოდგენებში, ყველაზე ბუნებრივი ფორმა სწორედაც რომ სერიალია. სერიალი, რომელიც მთავრდება მას შემდეგ რაც მის შესახებ ხსოვნა გაქრება ადამიანების გონებაში.


ჰეჰ
ReplyDeleteამ ბოლო დროს ვუყურე ძალიან ცოტა კარგ ფილმს
და ძალიან ბევრ კარგ სერიალს.