Thursday, March 25, 2010

USSA

ყოველთვის ვთვლიდი, რომ მემარცხენე ვიყავი. ალბათ იმიტომ, რომ სოციალური სამართლიანობის წყურვილი მუდმივად თან მომყვებოდა და ვერ ვიტანდი საზღვრებს. თუმცა დროთა განმავლობაში ლიბერტარიანულმა იდეებმა გადაწონეს და პიროვნული თავისუფლებისადმი სწრაფვამ თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა სამყაროს ჩემეულ აღქმაში.
დღეს, როდესაც ადამიანური ცივილიზაცია ახალ ზღვარს მიუახლოვდა თავისი განვითარების ისტორიაში, როდესაც ძალიან მცირე ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს დავიწყებას მითი ადამიანის საზოგადოებრივი დანიშნულების შესახებ, მითი რომ ადამიანი მხოლოდ მისი მსგავსი არსებების გარემოცვაში შეიძლება არსებობდეს და ამის გარეშე ის დასაღუპადაა განწირული, ცოტა უცნაურად მიმაჩნია აჟიტირება იმის გამო, რომ ვიღაცეებმა გადაწყვიტეს ჩემს მაგივრად განსაზღვრონ რა არის კარგი და ცუდი და მაიძულონ გავაკეთო ის, რაც მხოლოდ თავისუფალი ნების შემთხვევაშია ფასეული. სოციალური სოლიდარობა უფრო ეთიკური კატეგორიაა ვიდრე პოლიტიკური და მისი დაკანონება ცოტა არ იყოს უკან წარსულ ეპოქას მახსენებს, როდესაც მაგალითად მუქთახორობა ისევე როგორც სიმდიდრე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. მახსენდება სხვადასხვა ”ნებაყოფლობითი” შენაწირები, რომლის არგადახდის შემთხვევაში სულ ცოტა მარგინალი ხდებოდი. ნუთუ კაცობრიობის მეხსიერება ასეთი ხანმოკლეა? ნუთუ ასეთი მშიშარაა დღევანდელი მსოფლიოს მოქალაქე, რომ უზრუნველი მომავალი ურჩევნია თავისუფალ აწმყოს? ნუთუ დღეს კიდევ ეჭვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ ის, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენ თავისუფლებაზე უფრო მეტადაა დამოკიდებული ვიდრე მატერიალური სხეულის სიჯანსაღეზე?
თუ მემარცხენეობა გულისხმობს სიმხდალეს და შიშს გაურკვეველი მომავლის წინაშე, თუ ის მოითხოვს წესრიგის საკურთხეველზე მსხვერპლად მივიტანო საკუთარი თავისუფლება, მაშინ ეს ნამდვილად არ არის ჩემი გზა, სამყარო რომელზედაც ვოცნებობდი ბავშვობაში. ეს ნამდვილად არ არის თავისუფალი ადამიანების თანაცხოვრება, სადაც თითოეული მათგანი ვარსკვლავია უკიდეგანო სივრცეში მიმოფანტული და რომლებიც საკუთარი ნებით ერთმანეთს ნათელს და სითბოს უზიარებს.

Sunday, March 14, 2010

"სამყაროთა ომი" სამხრეთ პროვინციაში


იმ დღეს სრულ ოფლაინში ვიყავი. ინტერნეტი ტექნიკური პრობლემების გამო კვლავ არ მუშაობდა. წასულების მოსახსენებელი წვეულებიდან ადრე დავბრუნდით და ყველაზე მეტად ნინოს გამგზავრება და ”ვარსკვლავური კრეისერის” ახალი სერია იპყრობდა ჩემ ყურადღებას. და კიდევ მცდელობა არ მეფიქრა იმაზე, რომ შეიძლებოდა ახალ ტექნოლოგიებში გაუთვიცნობიერებელ მებაჟეებში ჩემ დიდი ხნის ოცნებას ”დასავლეთ მიწებიდან” პირველყოფილი შიში გაეღვიძებინა და ხელი შეეშალა ”პირველი ევროპელების” მომავლის კულტურასთან ზიარებაში.
ასე რომ საკუთარი ნებით და სხვათა დახმარებით თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი და ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც სპექტაკლი დამთავრდა. პირველი რეაქცია სრულიად სტანდართული იყო და ობივაწელების მშვიდი ცხოვრების დარღვევამ აღმაშფოთა. შემდეგ იმან, რომ ხალხი ცხვარივით მისჩერებია ტელეეპოქის საკურთხველს და ყველაფრის სჯერა, რაც ვირტუალურ სამყაროში ხდება. ბოლოს კი ორსონ უელსი გამახსენდა და ჩემში ცოტა ხნით მიძინებულმა ეშმაკის ადვოკატმაც გაიღვიძა. პირველი კითხვა რაც ჩემმა ალტერეგომ დასვა ჩემთვისაც უხერხული იყო. რამ უფრო აღმაშფოთა მე და სამხრეთის პროვინციის ”ინტელექტუალები” - მორიგმა იდიოტურმა სპექტაკლმა თუ საკუთარი იდიოტიზმის გაუცნობიერებელმა შეგრძნებამ? იდიოტიზმის, რომელიც საკუთარი წარმოდგენების მიხედვით აწესებს სხვა არსებების გამოხატვის საზღვრებს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მშვიდად გაიყვანოს დრო მორიგ განსხეულებამდე? და არ იდარდოს იმაზე, რომ ყველაფერი რაც მე რეალობა მგონია მხოლოდ დაბნელებული გონების მორიგი ზმანებაა? ნუთუ ორსონ უელსს მხოლოდ იმიტომ არ მოსთხოვეს პასუხი ამერიკელი ობივაწელების შეშფოთებისათვის, რომ ეს ობივაწელები მას გენიოსად თვლიდნენ? და თვლიდნენ კი?
როგორც ყოველთვის ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, საკუთარი ”დემოკრატიული უფლებების” , ”ღირსების” და იდიოტიზმის დაცვაში. და არ გვადარდებს ის, რომ ვემსგავსებით ძალოსანს, რომელმაც საკუთარი შტანგა შეიძულა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზედმეტ ენერგიას ართმევს. დაკავებული ვართ ინდულგირებით და არ გვინდა დავაფასოთ ძალა, რომელიც შანსს გვაძლევს აგენტი სმიტის კიდევ ერთი პროგრამული შეცდომა მატრიციდან თავის დასაღწევ სტიმულად გამოვიყენოთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომელთა მთავარი საზრუნავი ორგანიზმის შენარჩუნებაა ეგოისტი გენის რეპლიკაციისთვის. მაგრამ ვერ გამიგია მათი, ვინც ერთხელ მაინც ”დაფიქრებულა” ცხოვრების აზრზე, რეალობაზე და ვერასოდეს აბარებს გამოცდას საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგულებაში. არ მესმის მათი ვისაც ჩემი აზრით საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო არ უნდა აღელვებდეს სისტემის ნაკლოვანებები, რადგან მათი არსებობა მხოლოდ სისტემის დეკონსტრუქციას უწყობს ხელს. ალბათ არ მესმის იმიტომ, რომ მეც ცრურწმენებით ვარ შეპყრობილი და მჯერა მათი ”ინტელექტუალური შესაძლებლობების”...