Friday, May 27, 2011

ავტონომიის გაკვეთილები

არ მიყვარს პოლიტიკაზე ფიქრი. მიყვარს პარადოქსები, აღქმის ჩარჩოების შეცვლა, ალბათ იმიტომ, რომ ეს რეალობის ახალი ასპექტების დანახვაში და ცნობიერების გაფართოებაში მეხმარება. თუმცა ხანდახან რეფრეიმინგი ისევე მიტაცებს, როგორც ალბათ დემიურგი გაიტაცა თავის დროზე სამყაროს შექმნით თამაშმა.
მიყვარს არასტანდარტული პრობლემების გადაჭრა. მაგალითად როგორ ამოვიცნოთ ძალაუფლებისადმი ფარული ლტოლვა ან როგორ განვავითაროთ პიროვნების ავტონომიურობა. დასვით მარტივი კითხვა ნებისმიერი პრობლემის წამოჭრის შემდეგ: რა აზრი წარმოიშვა პირველად გონებაში: ”ვის მივმართო აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად” თუ ”როგორ გადავწყვიტო ეს პრობლემა დამოუკიდებლად”.
თუ თქვენ ხშირად ეძებთ ”პროფესიონალებს” ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად, იქნება ეს ონკანის შეკეთება თუ ჭურვის ტრაექტორიის გამოთვლა, მაშინ თქვენ აშკარად მძიმედ სოციალურად განპირობებული და ძალაუფლების ფარული მოტრფიალე ხართ.
პირადად მე პირველ რიგში ამოცანის ავტონომიურად გადაწყვეტას ვცდილობ, შემდეგ ვიწყებ ფიქრს სად მოვიპოვო ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, და მხოლოდ პრიორიტეტების გადანაწილების შემდეგ შეიძლება მივმართო სხვას დახმარებისთვის, თუ ჩავთვლი, რომ ეს უფრო ეკონომიურია შორეულ პერსპექტივაშიც კი.
ალბათ ამ ქვეპროგრამას ჩემს ბიოკომპიუტერში მამაჩემს უნდა ვუმადლოდე. ის ყოველთვის ცდილობდა ჩემში განევითარებინა უნარი სხვების გარეშე განმეხორციელებინა ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამომეხსნა ესა თუ ის ამოცანა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალაუფლების ფარული მოტრფიალე იყო, მის ოპერაციულ სისტემაში წარმოშობილმა ამ შეცდომამ შეიძლება ვთქვა, რომ წარმატებას მიაღწია.
ხო კიდევ არ მიყვარს საზოგადოებაზე ფიქრი. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებს პატივს ვცემ და არ მინდა ისინი საათის მექანიზმის დეტალებად განვიხილო. ამიტომაც ვცდილობ ალბათ ავტონომიურობის ვირუსის გავრცელებას, რომელიც შემდეგ განსხეულებაში მე შემეყრება და შესაძლებლობას მომცემს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე.
ალბათ ცოდნის გავრცელების ძირითადი აზრიც სწორედ მის შენარჩუნებაშია. ადამიანები ხომ იმის მიუხედავად დამოუკიდებლები ვართ თუ არა უზარმაზარი ბიოკომპიუტერული ქსელის წვეროებს შევადგენთ და ინფორმაციის ყველაზე საიმედოდ შენახვა ამ ქსელში მისი განაწილებით შეიძლება.

0 comments:

Post a Comment